"წარმოუდგენელი რიცხვია" - რამდენი კაცი იყო გუშინდელ აქციაზე ?
დემონსტრაციისა თუ სხვა ხალხმრავალი ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობის ზუსტად გამოთვლის მცდელობა ამაოა. შესაძლებელია მხოლოდ მიახლოებითი მასშტაბების დადგენა, რისთვისაც”ნეტგაზეთმა” გამოიყენა მეთოდი, რომელსაც მრავალი წელია, არაერთი საერთაშორისო მედიასაშუალება მიმართავს.
მეთოდი გულისხმობს აკურატულად გამოთვლას იმ ტერიტორიის ფართობისა, რომელზეც კონკრეტული აქციის მონაწილეები არიან განლაგებულნი. მიღებული ფართობი შეიძლება გამრავლდეს სამზე, ღონისძიების განსაკუთრებული სიმჭიდროვის შემთხვევაში კი — ოთხზე.
20 ივნისს “შინ, ევროპისკენ” დემონსტრაციის მონაწილეები ფარავდნენ ოპერიდან – გალერეა თბილისამდე ტერიტორიას.
საორიენტაციოდ სწორედ ეს ტერიტორია ავიღეთ, რომლის ფართობი, 40 000 კვ.მ.-ს შეადგენს.
ჩვენს გაანგარიშებაში არ შედის რუსთაველის მიმდებარე შიდა ქუჩები, სადაც ნეტგაზეთის რეპორტიორების დაკვირვებით ასევე იმყოფებოდნენ და მოძრაობდნენ მომიტინგეები.
ტერიტორიის ფართობი გავამრავლეთ 3-ზე, 3.5-სა და 4-ზე.
მიღებული მიახლოებითი შედეგის თანახმად გამოდის, რომ 20 ივნისის აქციაში, მინიმუმ, 120 000 ადამიანი მონაწილეობდა, საშუალოდ — 140 000, მაქსიმუმ კი — 160 000.
აღნიშნული რიცხვები არ ასახავს აქციის მონაწილეთა ზუსტ რაოდენობას. მისი დადგენა, როგორც ამ, ისე სხვა მეთოდების გამოყენებით, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ზემოხსენებული მეთოდით “ნეტგაზეთმა” მხოლოდ მიახლოებითი რაოდენობა დათვალა.
რა ხდება?
თბილისში, რუსთაველი გამზირზე აქცია 20 ივნისს საღამოს დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები აქციას მთელი დღის განმავლობაში ენმ-სთან და ოპოზიციასთან აკავშირებდნენ, თუმცა არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი დემონსტრაციაზე სიტყვით არ გამოსულა. მომიტინგეებს სიტყვით მიმართეს სტუდენტებმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა, ევროპარლამენტარებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.
მოძრაობა „სირცხვილიამ“ დღეს, 20 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე წაიკითხა მანიფესტი და დააანონსა ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნება. მანიფესტის მიხედვით, მოძრაობის მიზანი იქნება საქართველოს ევროპული არჩევანის დაცვა.
მანიფესტში აღნიშნულია, რომ შემდეგი აქცია გაიმართება 24 ივნისს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.
აქციის მონაწილეებმა დასასრულს მსვლელობა მოაწყვეს ევროპის მოედნის მიმართულებით.
წყარო: netgazeti.ge
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (0)