30 წელს გადაცილებულ დასაოჯახებელ პირებს სახელმწიფო კომპენსაციას გადაუხდის
კანონპროექტის ინიციატორი ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 30 წელს გადაცილებული დასაოჯახებელი პირები განიცდიან ფსიქოლოგიურ წნეხს ახლობლების, ნათესავებისა თუ მეზობლების მხრიდან, რის გამოც საჭიროა მათი ფულადი ჯილდოთი წახალისება.
„რა კარგი გოგოა, ნასწავლი, ჭკვიანი, კარგი ხასიათის და დარჩა ასე...“ „რა კარგი ოჯახის შვილია და დატოვა ჯიში მონაგარის გარეშე...“ „ერთ კარგ გოგოს ვიცნობ და გაგირიგებ, მოგეწონება...“ „შვილს ვეღარ გააჩენს და ისე მაინც წაიყვანოს ვინმემ, სულ მარტო რომ არ იყოს...“ - ამ და მსგავსი შინაარსის ფრაზები, ალბათ, ხშირად გაგიგიათ დასაოჯახებელი პირების მიმართ. ახლობლები ქორწინების გარეშე დარჩენილ პირებს „საცოდავებად“, მარტოსულებად აღიქვამენ და თანაუგრძნობენ...
ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულმა დასკვნებმა ნათლად აჩვენა, რომ მსგავსი შინაარსის ფრაზები, ადამიანებს ფსიქოლოგიურ სტრესს აყენებენ, რის გამოც ქალბატონებში, ასევე კაცებში ხშირია დეპრესია.
სწორედ ამიტომ, სახელმწიფომ გადაწყვიტა იზრუნოს მოქალაქეებზე და 30 წელს გადაცილებული დასაოჯახებელი პირები წაახალისონ.
აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ მოსახლეობა ორ ნაწილად გაყო. ერთ ნაწილს აღნიშნული კანონპროექტი ძალიან მოსწონს, მეორენი კი აკრიტიკებენ, რადგან შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებამ დემოგრაფიული პრობლემა გამოიწვიოს და ოჯახების შექმნას ხელი შეუშალოს.
იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობენ აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საზოგადოებაში „დაიჯესტმა“ გამოკითხვა ჩაატარა.
30 წელს ზევით დასაოჯახებელი პირები: რადგან მოგვაქციეს ყურადღება, რაღას დავეძებ, ალბათ, ამ ფულს ფსიქოლოგთან ვიზიტში დავხარჯავ.
30 წელს ზევით დასაოჯახებელი პირების მშობელი: ამ ჩემს შვილს კიდე ეს უნდოდა, ისედაც სულ გარე-გარე დადის... ახლა სულ არ მოიყვანს ცოლს, მე კიდე შვილიშვილი მინდა.
მეზობლები: არ მომწონს ეს ამბავი, რამდენი კარგი ოჯახის შვილი დარჩება უშვილძირო! მაგრამ ისე რომ დავფიქრდე, საჭორაო თემა კი გვექნება ხალხს.
სასულიერო პირები: აღნიშნული გადაწყვეტილება დემოგრაფიულ პრობლემას შექმნის და სოდომისა და გომორის ცოდვას გაზრდის. დამორჩილდებიან ქვენა გრძნობებს და წაიწყმიდავენ სულებს.
მრევლი: როგორც ჩემი მამაო ამბობს, ეს დემოგრაფიულ პრობლემას შექმნის, ამიტომ არ მინდა ასე მოხდეს და ქართველი ხალხის გენოციდს შევესწრო. არ უნდა დამტკიცდეს კანონპროექტი.
ოპოზიცია: ახლა ის პერიოდი არაა საქართველოში ამ საკითხს რომ განიხილავდნენ. ხალხო, გონს მოდით, უკრაინაში ომია, ჩვენ დანის პირზე გავდივართ... მესამე პრეზიდენტი ციხეშია დატყვევებული, ესენი კიდე რა კანონპროექტზე საუბრობენ.
რაც შეეხება „დაიჯესტის“ პოზიციას - გაიღიმეთ, #დღესპირველიაპრილია ????
წყარო:digest.pia.ge
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს